ხელშეკრულება სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის შესახებ

ხელშეკრულება

სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის შესახებ

 

 

 

 

პრეამბულა. 1

1. ტერმინთა განმარტება. 1

2. ხელშეკრულების საგანი. 2

3. მოქმედების ვადა და ძალაში შესვლის პირობები. 2

4. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი. 3

5. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. 3

5.1 რეგისტრატორი უფლებამოსილია: 3

5.2 რეგისტრატორი ვალდებულია: 3

5.3 რეგისტრანტი უფლებამოსილია: 3

5.4 რეგისტრანტი ვალდებულია: 4

6. მხარეთა პასუხისმგებლობები. 5

7. კონფიდენციალურობის დაცვა. 5

8. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. 6

9. მოქმედი კანონმდებლობა და დავის მოგვარების წესი. 6

10. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება. 6

11. ფორს-მაჟორი. 7

12. გარდამავალი დებულებები. 7

13. რეგისტრატორის რეკვიზიტები. 8

 

 

 

 

 

 

 

პრეამბულა

ინტერნეტ-დომენური სახელის .Ge სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულება  ფორმდება ქალაქ თბილისში, შემდეგ მხარეებს შორის:

ერთი მხრივ შპს აითიეს (ს/კ: 402104940), კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, (შემდგომში „რეგისტრატორი“),

მეორე მხრივ, აბონენტი (შემდგომში „რეგისტრანტი“), შემდეგში ერთად წოდებული როგორც „მხარეები" ხოლო ცალ-ცალკე როგორც "მხარე", ვმოქმედებთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის შესახებ (ონლაინ ხელშეკრულებას) და ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ტერმინთა განმარტება

1.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ამ ხელშეკრულებასა და „.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში“ (შემდგომში „დომენის რეგულაცია“) მინიჭებული შემდეგი მნიშვნელობა:

„ხელშეკრულება“ - ნიშნავს წინამდებარე „სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულებას მისი ყველა დანართით;

„ადმინისტრატორი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს, უზრუნველყოფს დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD- Top Level Domain) სახელის სერვერების უსაფრთხო და სტაბილურ ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD) ზონის მონაცემების შესახებ რეგულარული განახლებების გენერირებას. .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი არის კავკასუს ონლაინი.

 „რეგისტრანტი“ - ნიშნავს პირს, რომლის სახელზეც არის დარეგისტრირებული დომენური სახელი.

 „რეგისტრატორი“- ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად უწევს სარეგისტრაციო მომსახურებას რეგისტრანტებს.

 „რეგისტრაცია“ - ნიშნავს, რეგისტრანტის მოთხოვნისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერის შექმნას დომენური სახელების რეესტრში, რომლის საფუძველზეც დომენური სახელი რეგისტრირდება რეგისტრანტის სახელზე.

„საქართველოს კანონმდებლობა“ - ნიშნავს საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ადგენენ უფლებებსა და მოვალეობებს ადმინისტრატორისთვის ასევე რეგისტრატორისა და რეგისტრანტისათვის.

2. ხელშეკრულების საგანი

2.1 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით რეგისტრატორი იღებს ვალდებულებას, მინიჭებული ავტორიზაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაუწიოს სარეგისტრაციო მომსახურება რეგისტრანტს, ხოლო რეგისტრანტი ვალდებულებას იღებს ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოს  მომსახურების საფასურის გადახდა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი დომენის რეგულაციის (ინსტრუქციების) შესაბამისად.  

2.2 წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, „სარეგისტრაციო მომსახურება“ მოიცავს რეგისტრანტის განაცხადის შესაბამისად რეგისტრანტისთვის გაწეულ შემდეგ მომსახურებებს:

-         დომენური სახელის რეგისტრაცია;

-         რეგისტრაციის განახლება;

-         რეგისტრაციის გაუქმება;

-         რეგისტრატორის ცვლილება;

-         საკონტაქტო ინფორმაციის განახლება;

-         სახელის სერვერის ჩანაწერების ადმინისტრირება.

2.3 მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგისტრატორის ვებ გვერდზე https://4net.ge/ რეგისტრანტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შევსებული განაცხადით ინტერნეტდომენური სახელის - [ - ] .ge-ით სარგებლობის შეზღუდული, განახლებადი, ექსკლუზიური უფლების მიღების მოთხოვნის შესაბამისად, იმ ვადითა და პირობებით, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებაში, ტექნიკურ პირობებსა და დომენის რეგულაციაში (გამოქვეყნებულია რეგისტრატორის საიტზე https://4net.ge/

3. მოქმედების ვადა და ძალაში შესვლის პირობები

3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის რეგისტრანტის მიერ ონლაინ განაცხადის შევსების დღიდან და მოქმედებს დომენის რეგისტრაციის მომენტიდან 1 (ერთი) წლის მანძილზე. დომენი რეგისტრირებულად ითვლება რეგისტრანტის მიერ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფასურის გადახდისა და თანხის რეგისტრატორის ბილინგში ასახვის მომენტიდან. რეგისტრანტის მიერ დომენის ღირებულების გადახდამდე დომენის რეზერვაცია (მოლოდინის რეჟიმი) არ წარმოებს და დომენი ითვლება რეგისტრაციისათვის თავისუფლად. ამასთან, თუ რეგისტრანტის მიერ დომენის რეგისტრაციაზე განაცხადის მომენტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის მანძილზე დომენის რეგისტრაციის ღირებულება არ იქნება ანაზღაურებული, რეგისტრაციის განაცხადი გაუქმდება.

3.2 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რეგისტრანტის მიერ განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების საგნის - დომენური სახელის დროებითი სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საფასურის გადახდა მომდევნო სააღრიცხვო პერიოდზე, წინამდებარე ხელშეკრულება ყველა მისი თანდართული წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) დოკუმენტით ავტომატურად გაგრძელდება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით იმავე პირობებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება ყოველ მომდევნო პერიოდზე.

3.3 დომენის რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დომენის რეგისტრაციის განახლების ღირებულება არ იქნება გადახდილი დროულად, რეგისტრანტს განახლებისათვის ეძლევა სარეგისტრაციო ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, რა პერიოდშიც დომენი რჩება რეგისტრანტის სარგებლობაში, თუმცა დომენი ამ პერიოდით შეჩერებულია. 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის გასვლის შემდგომ დომენით სარგებლობის უფლება უქმდება და გადის თავისუფალ რეგისტრაციაში.

4. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი

4.1 წინამდებარე ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნული ერთი .ge , .com.ge , .edu.ge , .org.ge ,.pvt.ge , .net.ge , .school.ge ინტერნეტდომენური სახელის სარგებლობაში გადაცემისათვის განსაზღვრული ყოველწლიური ღირებულება შეადგენს თანხას, რომელიც გამოქვეყნებულია რეგისტრატორის ვებ გვერდზე: https://4net.ge/ ელექტრონული განაცხადის წარდგენის თარიღისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

4.2 წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, რეგისტრანტი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ინტერნეტდომენური სახელით სარგებლობის უფლების განახლებისათვის განსაზღვრული წლიური საფასური, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით რომელიც შეადგენს 30 (ოცდაათ) ლარს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

5. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

5.1 რეგისტრატორი უფლებამოსილია:

5.1.1 მოსთხოვოს რეგისტრანტს წინამდებარე ხელშეკრულებითა და დომენის რეგულაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის და არამხოლოდ, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისიწინებული მომსახურების ღირებულების გადახდა;

5.1.2 დომენის რეგულაციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და ამ ხელშეკრულების 5.4 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, შეუჩეროს რეგისტრანტს დომენის რეგისტრაცია.

5.1.3 შეინახოს ყველა ტრანზაქციის, მიმოწერის და კომუნიკაციის ელექტრონული ასლი, სულ მცირე სარეგისტრაციო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ან/და სარეგისტრაციო ხელშეკრულების ვადის გასვლიდან/შეწყვეტიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში;

5.1.4 რეგისტრაციის შემდგომ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში გააუქმოს ისეთი დომენური სახელის რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან/და ზნეობის აღიარებულ ნორმებს.

5.2 რეგისტრატორი ვალდებულია:

5.2.1 გაუწიოს რეგისტრანტს სარეგისტრაციო მომსახურება დომენის რეგულაციითა და ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით;

5.2.2 უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემებისა და ინფორმაციის დროული განახლება რეგისტრანტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

5.2.3 მიაწოდოს რეგისტრანტს ინფორმაცია დომენის რეგულაციის ნებისმიერი სახის ცვლილებების შესახებ ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.

5.2.4 გადაუგზავნოს რეგისტრანტს ან/და რეგისტრანტის ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს ადმინისტრატორისგან მიღებული ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია რეგისტრანტისთვის.

5.3 რეგისტრანტი უფლებამოსილია:

-         მოსთხოვოს რეგისტრატორს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

-         მოითხოვოს დომენური სახელის რეგისტრაციის განახლება შემდგომი რეგისტრაციის პერიოდით იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტი წინასწარ გადაიხდის რეგისტრაციის განახლების საფასურს;

5.4 რეგისტრანტი ვალდებულია:

5.4.1 გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგულაციის წესები და პირობები, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლებიც გამოქვეყნებულია რეგისტრატორის ვებ გვერდზე https://4net.ge/ , წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და სავალდებულოდ შესასრულებელია რეგისტრანტისთვის. გარდა ამისა, რეგისტრანტი ვალდებულია პერიოდულად გაეცნოს ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე განთავსებული რეგულაციის განახლებულ ვერსიებს;

5.4.2 ადმინისტრატორისა და რეგისტრატორის წინაშე კეთილსინდისიერად შეასრულოს დომენის რეგულაციის წესები და პირობები;

5.4.3 რეგისტრატორის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს რეგისტრატორს დომენის რეგულაციით განსაზღვრული და ადმინისტრატორის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.

5.4.5 ყოველწლიურად დროულად მოახდინოს მომსახურების ღირებულების გადახდა;

5.4.6 მიაწოდოს რეგისტრატორს სარეგისტრაციო მონაცემების განსაახლებლად აუცილებელი ინფორმაცია;

5.4.7 გამოიყენოს დომენური სახელი იმგვარად, რომ ასეთმა გამოყენებამ არ გამოიწვიოს მესამე პირთა უფლებების, მარეგულირებელი კანონმდებლობის ან სამართლებრივი ძალის მქონე აქტების დარღვევა;

5.4.8 არ დაუშვას მის მიერ რეგისტრატორის ვებგვედრზე https://4net.ge/ რეგისტრაციის დროს მითითებული სახელისა და პაროლის გადაცემა მესამე პირებზე;

5.4.9 ადმინისტრატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ადმინისტრატორის წინაშე შეასრულოს მისი ვალდებულებები, რომლებიც გაწერილია წინამდებარე ხელშეკრულებასა და დომენის რეგულაციაში;

5.4.9 წინამდებარე ხელშეკრულება გააფორმოს საკუთარი საჭიროებისათვის ან იმოქმედოს სხვა (მესამე) პირ(ებ)ის დავალებით ან სასარგებლოდ;

5.4.10 არ დაუშვას მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ დარეგისტრირებულ ინტერნეტგვერდზე იმ კონტენტის ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება რომელიც:

-         არის უკანონო, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არღვევს საავტორო უფლებებს, პროპაგანდას უწევს რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ, სოციალურ დისკრიმინაციას და აღვივებს შუღლს, შეიცავს შეურაცხყოფას კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ;

-         არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს და ხელს უწყობს მათთვის ნებისმიერი ფორმით ზიანის მიყენებას;

-         არღვევს ან ავიწროვებს უმცირესობათა უფლებებს;

-         რეგისტრანტს არ გააჩნია უფლება გახადოს საჯარო საქართველოს კანონმდებლობით, ან რომელიმე ხელშეკრულებით;

-         ეხება რაიმე პატენტს, სავაჭრო ნიშანს, კომერციულ საიდუმლოებას ან არღვევს მესამე მხარის საავტორო უფლებებს;

-         შეიცავს სპამს(მათ შორის საძიებო), უცხო ელექტრონულ მისამართებს;

-         შეიცავს ვირუსებსა და სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს და პროგრამებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან პროგრამების, კომპიუტერებისა და ტელე-საკომუნიკაციო მოწყობილობათა ფუნქციონალური შეზღუდვის, დარღვევისა თუ განადგურებისათვის. ასევე კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიული ნომრების, კოდების, ლოგინების, პაროლების ან სხვა რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის ფასიან რესურსებში არასანქცირებულ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ზემოთაღნიშნულ ინფორმაციაზე ლინკების განთავსება;

-         მიზნად ისახავს მესამე პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შენახვას;

-         შეგნებულად არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს;

5.4.11 გარდა ამისა, რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს, ადასტურებს და გარანტიას იძლევა რომ:

-         მის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის სწორი; საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი არის მოქმედი;

-         მოპოვებული აქვს ყველა საჭირო ნებართვა და თანხმობა ადმინისტრაციული საკონტაქტო პირისგან, ტექნიკური საკონტაქტო პირისგან, ბილინგ საკონტაქტო პირისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ შორის,  და არამხოლოდ, მათი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებასთან და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრატორის რეგულაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

-         რეგისტრანტი უფლებამოსილია გამოიყენოს განაცხადში მითითებული დომენური სახელი;

-         რეგისტრანტი აკმაყოფილებს დომენური სახელის დასარეგისტრირებლად აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის, დომენის რეგისტრაციისა და დომენის რეგულაციის 3.3 პუნქტის მოთხოვნებს ზოგად დომენებთან მიმართებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-         დომენური სახელის რეგისტრაცია და გამოყენება, რამდენადაც ეს რეგისტრანტისთვის ცნობილია, არ არღვევს და არ დაარღვევს რაიმე იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე აქტს, ან მესამე პირთა უფლებებს;

-         ადმინისტრატორი და რეგისტრატორი უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, GDPR-ის, წინამდებარე ხელშეკრულებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მოცემული პროცედურისა და მიზნების შესაბამისად;  

6. მხარეთა პასუხისმგებლობები

6.1 რეგისტრატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ რეგისტრანტის სარეგისტრაციო მონაცემების (ვებ- გვედრზე 4net.ge) ნებისმიერი სახით გამოყენებაზე. რეგისტრანტისათვის ცნობილია, რომ ვებგვერდზე 4net.ge შექმნილი პროფილიდან შევსებული განაცხადი, ან ნებისმიერი ხასიათის სხვა მოთხოვნა მხარეებისათვის წარმოადგენს სამართლებრივ დოკუმენტს, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშობა მოთხოვნის შესაბამისი ვალდებულებები.

6.2 დომენური სახელის რეგისტრაციისას, რეგისტრანტი ვალდებულებას იღებს დაიცვას რეგისტრატორი ნებისმიერი სახის ზიანისგან და აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი (მათ შორის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დავების ფარგლებში გაწეული ხარჯები) ან/და მიყენებული ზიანი, რომელიც ნებისმიერ დროს წარმოიშვება რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის არამართლზომიერი გამოყენებით, მათ შორის, ასეთი გამოყენების შედეგად მესამე პირთა უფლებების დარღვევისგან.

6.3 რეგისტრატორი არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს რეგისტრანტის მიერ განცდილ არაპირდაპირ ზიანზე, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, დაკარგულ მოგებასა ან რაიმე თანმდევ ზიანზე.

7. კონფიდენციალურობის დაცვა

7.1 მხარეები ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ ხელშეკრულების მოქმედების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

7.2 ხელშეკრულების მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც გადაეცა/ გადაეცემა ერთ მხარეს ნებისმიერი ფორმით მეორე მხარისაგან ან/და მისი ნებისმიერი თანამშრომლისაგან ან/და კონტრაქტორი პირისაგან ან/და ასეთი კონტრაქტორი პირის ნებისმიერი თანამშრომლისაგან, ნებისმიერი საფუძვლითა და მოტივით, აგრეთვე, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მხარე მოიპოვებს (ან რომელიც უკვე მოპოვებული აქვს) ამ მუხლში აღნიშნული პირებისაგან ზეპირი თუ წერილობითი ფორმით.

8. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

8.1 ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

8.1.1 მხარეთა შეთანხმება;

8.1.2  წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა.

8.1.3 რეგისტრანტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ნორმების არსებითი დარღვევა.

8.1.4 GE დომენის რეგულაციის წესებითა და პირობებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

8.2 მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.

9. მოქმედი კანონმდებლობა და დავის მოგვარების წესი

9.1. ნებისმიერი დავა რომელიც წარმოიქმნება ან შეიძლება წარმოიქმნას წინამდებარე ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მხარეთა შეთანხმებით, მოწესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. მხარეთა შორის ყველა დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ორივე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს აღნიშნული ხელშეკრულების 9.3. პუნქტი.

9.3 ნებისმიერ დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი შეთანხმებიდან, მათ შორის, ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულებიდან ანდა შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს საქართველოს საერთო სასამართლოებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.4 იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირდება დომენური სახელი, რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს, „.GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების პოლიტიკაზე“ („დავების მოგვარების პოლიტიკა“; UDRP), მათ შორის, „წესებზე“ და WIPO-ს „დამატებით წესებზე“ (როგორც ეს განმარტებულია დავების მოგვარების პოლიტიკაში), რომელთა ძალაში მყოფი ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://nic.ge/ka/administrator/the-ge-domain-regulations ;

9.5 რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის კომპეტენციაზე განიხილოს დავები ინგლისურ ენაზე დავების მოგვარების პოლიტიკის შესაბამისად. 

10. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

10.1. რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს რეგისტრატორმა რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 

10.2 რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს რეგისტრატორმა მისი პერსონალური მონაცემები გადასცეს ადმინისტრატორს.

10.3 რეგისტრანტი უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას, რომ პერსონალური მონაცემების რეგისტრატორისთვის  გადაცემა ხორციელდება კანონიერად, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტების თანხმობის მიღების ჩათვლით, (თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას.

10.4 რეგისტრატორი კისრულობს ვალდებულებას დაიცვას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა მისთვის გადაცემულ მონაცემებთან დაკავშირებით, მათ შორის, უზრუნველყოს მიღებული მონაცემების უსაფრთხოება, დომენის რეგულაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

11. ფორს-მაჟორი

11.1 „ფორს-მაჟორი" გულისხმობს მოვლენას, რომელიც იმყოფება მხარეთა კონტროლს მიღმა, რაც, ხელს უშლის მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაში, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: საომარი მოქმედებები, სამოქალაქო ომი, აჯანყება და რევოლუცია, ტერორიზმის აქტი, საბოტაჟი ან მეკობრეობა, ხელისუფლების მოქმედება, კანონიერი თუ არამართლზომიერი, ნებისმიერ კანონთან ან მთავრობის ბრძანებასთან, წესებთან, რეგულაციებთან ან მითითებებთან შესაბამისად, კომერციული ფართის შეზღუდვა, ექსპროპრიაცია, იძულებითი შესყიდვა, სამუშაოს კონფისკაცია, რეკვიზიცია, ნაციონალიზაცია, ბუნებრივი კატაკლიზმები, ჭირი, ეპიდემია, პანდემია, ბუნებრივი კატასტროფა, აფეთქება, ხანძარი, ზოგადი შრომითი წესრიგის დარღვევა, როგორიცაა, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ბოიკოტით, გაფიცვითა და ლოკაუტით, ქარხნებისა და დაწესებულებების შეფერხებული მუშაობით.

11.2 არც ერთი მხარე არ მიიჩნევა წინამდებარე ხელშეკრულების დამრღვევად იმ ფარგლებში, რომ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი გახდა ფორსმაჟორულ მოვლენათა გამო, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ.

11.3 მხარემ („დაზარალებული მხარე"), რომელსაც ხელი შეეშალა ვალდებულებების შესრულებაში, უნდა აცნობოს მეორე მხარეს ფორს-მაჟორული მოვლენის შესახებ, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ცხადი გახდება მისთვის ან შეიტყობს ამის შესახებ დაზარალებული მხარე.

12. გარდამავალი დებულებები

12.1 ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნებისმიერი შეტყობინება ან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, შეტყობინება მიწოდებულად ჩაითვლება რეგისტრანტის ან/და რეგისტრანტის ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. ასეთი ელექტრონული ფოსტის მისამართი მითითებულია რეგისტრანტის ელექტრონულ განაცხადში, რომელიც შესაძლოა განახლდეს რეგისტრანტის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით.

12.2  რეგისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ამ ხელშეკრულებაში, მათ შორის, შეცვალოს ხელშეკრულების 3.1 და 3.2 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის საფასური ან/და რეგისტრაციის განახლების საფასური დომენის რეგისტრაციისა დომენის რეგულაციის შესაბამისად, ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე ცვლილებების საკუთარ ვებგვერდზე https://4net.ge/ გამოქვეყნებითა და რეგისტრანტისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

12.3 ონლაინ ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხელშეკრულების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა და სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისათვის.

12.4 წინამდებარე ონლაინ ხელშეკრულების რომელიმე მუხლის (ან მისი ნაწილის) ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას.

12.5 ხელშეკრულების მუხლებს წანამძღვრებული აქვს სათაურები ხელშეკრულების ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები არ მიიჩნევა ამ ხელშეკრულების  რომელიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტებლად.

12.6 წინამდებარე ხელშეკრულება ცვლის მხარეებს შორის აქამდე არსებულ ყველა ადრინდელ შეთანხმებას იქნება ეს ზეპირი თუ წერილობითი ფორმით (ყველა ასეთი შეთანხმება არის ძალადაკარგული).

12.7 ხელშეკრულება განიხილება დომენის რეგულაციასთან ერთად, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია რეგისტრატორის ვებ გვერდზე https://4net.ge/ , ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. დომენის რეგულაციასა და წინამდებარე ხელშეკრულების ნებისიერ პირობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესი ურიდიული ძალა ენიჭება დომენის რეგულაციაში მოცემულ წესებსა და პირობებს.

12.8 ხელშეკრულებას დამატებით თან ერთვის დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია მასთან და ასევე წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (რეგისტრანტის მიერ ვებგვერდზე https://4net.ge/ შევსებული ელ. განაცხადი დომენური სახელის რეგისტრაციაზე). ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, რეგისტრატორმა გამოაქვეყნა ეს ხელშეკრულება ვებ-გვერდზე https://4net.ge/ ხოლო რეგისტრანტმა საკუთარი უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებითა და ვებ გვერდზე https://4net.ge/ ამ ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცხადებით გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

13. რეგისტრატორის რეკვიზიტები

რეგისტრატორი:

შპს აითიეს

საიდენტიფიკაციო კოდი: 402104940

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის

რაიონი, ნ.ხოშარაულის ქ., N 7, ბ. 23

საკონტაქტო ტელეფონი: 322990088

საბანკო რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი”ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიშსწორების ანგარიში: GE81TB7511936080100007

 

Last Update: 08/24/2021 - 10:33am